• www.medianews.ge

„ისრაელის სახლი“ ტრანსნაციონალურ ევროპულ პროექტში ჩაერთო


„ისრაელის სახლმა“ 28 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციის (AEPJ) ახალი პროექტის - Parallel Traces დაწყებისადმი მიძღვნილ შეხვედრაში, რომელიც ბრიუსელში გაიმართა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მასში შვიდი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ისრაელის სახლს“ მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იამით მოსკოვიჩი წარმოადგენდა.

პროექტი Parallel Traces მიზნად ისახავს ურბანულ არქიტექტურაში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის კვალის აღმოჩენას, რომელშიც მონაწილეობას მოქალაქეები მიიღებენ.

პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროპის ისტორიის განუყოფელი ნაწილის - ევროპული ებრაული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით შეიძლება. კერძოდ, ლაპარაკია ფოტოგრაფიულ და აუდიოვიზუალური ნამუშევრების შექმნასა და ახალი აპლიკაციის განვითარებაზე. ებრაული მემკვიდრეობის ამსახველი ორიგინალური ციფრული ნამუშევრები, აგრეთვე, მნიშვნელოვანი მხატვრული მასალებია, რომელიც წარმოდგენილი იქნება სპეციალურ გამოფენებზე ევროპის ხუთ ქალაქში, მათ შორის თბილისში. ეს იქნება ტრანსნაციონალური კულტურული და შემოქმედებითი სამუშაოების შედეგი.

პროექტი Parallel Traces-ის განხორციელების პროცესში დაგეგმილია სამი აქტივობა.

- აუდიოვიზუალური მხატვრების გაცვლა. თითოეული ორგანიზაცია, რომელიც კურირებს ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტს, აირჩევს ადგილობრივ აუდიოვიზუალურ შემსრულებელს, რომელიც ასახავს მათი ქალაქის ებრაულ მემკვიდრეობას. ის შემდეგ მიწვეული იქნება პროექტის მონაწილე ქალაქებში.

ფოტოგრაფიის კონკურსი. გამოცხადდება ერთწლიანი ფოტოკონკურსი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია საზოგადოების წარმომადგენლებს. მათ ნამუშევრებში უნდა აისახოს ებრაული მემკვიდრეობა, რომელიც შემდეგ გამოქვეყნდება სპეციალურ ვებ-გვერდზე. გამოვლინდება გამარჯვებული ნაშრომიც.

მემკვიდრეობა ციფრულ ეპოქაში. მთელი წლის განმავლობაში მონაწილე ქალაქების ებრაული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის მომზადდება QR კოდები.

აუდიოვიზუალური მხატვრისა და გამარჯვებული ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა 2019 წლის სექტემბერში, ებრაული კულტურის ევროპულ დღეს გაიმართება.

პროექტის მონაწილე ქვეყნებია: ბელგია, ლუქსენბურგი, ესპანეთი, სერბია, რუმინეთი, პოლონეთი და საქართველო.

ბრიუსელის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გაისად მარტში AEPJ-ის გენერალური ასამბლეის სხდომა და კოორდინატორთა შეხვედრა თბილისში გაიმართება.

(source: http://medianews.ge/ge/israelis-sakhli-transnatsionalur-evropul-proeqtshi-chaerto/51738?fbclid=IwAR1WdrPMePYe4pWLXd6IJx0VUA_-h5FW0Tr9Hkv9v_qaM5jSWE-YwItrjRs)


© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon