ონში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი ამოქმედდება


„ისრაელის სახლის“ დელეგაცია, რომელიც ვროპაში ებრაული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზების ასოციაციის წევრი და ევროპის საბჭოს ეგიდით დამტკიცებული ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის წარმომადგენელია, ქალაქ ონს ეწვია. სტუმრებს ონის მერიაში გამართულ შეხვედრაზე უმასპინძლა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, „ისრაელის სახლის” ხელმზღვანელობამ მერის მოვალეობის შემსრულებელს წარუდგინა ლაილაში-ონი-უწერის მარშრუტი, რომელიც ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის ნაწილი გახდება. ამასთან, „ისრაელის სახლმა“ წარადგინა მონუმენტის პროექტი, რომელიც მიეძღვნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთ და სერგი მეტრევლის ხსოვნას, რომელმაც რუსეთის ქალაქ კისლოვოდსკიდან ნაცისტური რეჟიმის მიერ დევნილი ებრაელები შეიფარა და ჰოლოკოსტს გადაარჩინა. სერგი მეტრეველი ერთადერთი ქართველია, ვისაც იერუსალიმში მდებარე ჰოლოკოსტის მუზეუმმა „იად ვა-შემმა“ მიანიჭა „ერთა შორის მართლის“ („ხასიდეი უმმოთ ჰა-ოლამ“) წოდება.

შეხვედრის შემდეგ, მერის მოვალეობის შემსრულებელი დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სადაც დაცულია მდიდარი ებრაული მემკვიდრეობა, ონის ისტორიულ სინაგოგას, ქალაქის ებრაულ კვარტალს, ებრაელთა სასაფლაოს და ბე’ერ შევას სკვერს. „ისრაელის სახლი“ გეგმავს მხარი დაუჭიროს ონის მუნიციპალიტეტის მერიას ებრაული კვარტლისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის პროცესში. ამის შემდგომ, სტუმრებმა გადაინაცვლეს სოფ. უწერაში, სადაც ისრაელის სახლის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ სერგი მეტრევლის სახლი, სადაც ის დევნილ ებრაელებს იფარავდა. მხარეები გეგმავენ, ითანამშრომლონ ხსენებული ადგილის განახლების პროექტის შექმნის მიმართულებით.

ვიზიტის დასასრულს, ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი და „ისრაელის სახლის“ დირექტორი შეთანხმდნენ კოორდინირებულ მუშაობაზე ებრაული კულტურის ევროპული დღეების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის 2 სექტემბერს, ქ. ონში გაიმართება.


წყარო: https://bit.ly/334xe9z

© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon