מפגשים עם ראש עיריית תביליסי


თბილისი მერი დავით ნარმანია საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის გეგმებს გაეცნო

დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის ცენტრში ებრაული ინვესტიციით მშენებარე `რიქსოსის~ სასტუმრო დაათვალიერა. მას მასპინძლობა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ გაუწია.

მერთან ერთად ობიექტს ეწვივნენ ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო კომისიის თანათავმჯდომარე ჯამლეტ ხუხაშვილი, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ბერეკაშვილი და მედიის წარმომადგენლები.

იციკ მოშემ სტუმრებს ებრაული ინვესტიციით თბილისში ამჟამად მიმდინარე 100-მილიონიან პროექტი გააცნო, დაათვალიერებინა ხუთვარსკვლავიან სასტუმროსთან მშენებარე სამუზეუმო ფართი, გააცნო ინფორმაცია ქართულ ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში, 20 ოქტომბრისთვის ბიზნეს პალატის თაოსნობით თბილისში დაგეგმილი ბიზნეს ფორუმისა და საქველმოქმედო ვახშამის, აგრეთვე, დედაქალაქის ცენტრში ისრაელიდან ახალი კომპანიების ინვესტიციებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის დაწყების შესახებ.

როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასა და თბილისის მერიას შორის თანამშრომლობა ამ ახალი პროექტების განხორციელების საქმეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა დავით ნარმანიას გადასცა იერუსალიმის მერის მილოცვა თბილისის მერად მის არჩევასთან დაკავშირებით და გააცნო იერუსალიმის მერიასთან მიღწეულ შეთანხმება, რომელიც 2015 წლის იანვარში იერუსალიმში ქართულ-ებრაული ბიზნეს ფორუმის ჩატარებას ითვალისწინებს. ბიზნეს-ფორუმზე მიწვეული იქნება თბილისის მერი. დავით ნარმანიამ კი, თავის მხრივ, გამოთქვა მზადყოფნა ქართველ ბიზნესმენებთან ერთად ეწვიოს ისრაელის დედაქალაქს.

`საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა წლებია, საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში ერთ-ერთი წამყვანი რგოლია, ხოლო თბილისის მერის დღევანდელი ვიზიტი ამ საქმიანი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების ნაწილია. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა მზად არის, ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის დედაქალაქების კავშირების გაღრმავებას და ორმხრივი საქმიანი ვიზიტების მომზადებას~, _ განაცხადა იციკ მოშემ.

`აქ ძალიან საინტერესო სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ გარდა ამ სასტუმროსი, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობით, რამდენიმე ძალიან სერიოზული ობიექტი შენდება თბილისში. გავეცანით სამომავლო გემებს. ისრაელის კომპანიები მზად არიან დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ დედაქალაქის მშენებლობაში. ჩვენ მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის, განვიხილავთ მათგან წარმოდგენილ პროექტებს და მზად ვართ კანონდებლობის დაცვით მივცეთ მშენებლობის ნებართვები ისე, რომ ძალიან ბევრი პროექტი გაკეთდეს თბილისში და ამით განვითარდეს დედაქალაქი. ჯამში, საუბარია 300 მილიონამდე ინვესტიციაზე, რომელიც ბოლო წლებში საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის მონაწილეობით განხორციელდა და მომდევნო წლებშიც არის დაგეგმილი~, _ განაცხადა მედიასთან საუბრისას თბილისის მერმა.

იციკ მოშეს თქმით, უახლოეს მომავალში თბილისში გაიმართება ბიზნეს ფორუმი, რომელშიც ისრაელიდან ჩამოსული კომპანიები მიღებენ მონაწილეობას და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა თავის მხრივ საინვესტიციოდ საინტერესო პროექტებს წარადგენს, რაც დედაქალაქში უკვე მზად არის.

შეხვედრაზე იციკ მოშემ თბილისის მერს გადასცა ამ დღეებში ისრაელში საქართველოს ტურისტულ პოტენციალთან დაკავშირებით გამოცემული წიგნი და ~ისრაელის სახლის~ მიერ გამოცემული ბროშურა `ქართველი შინდლერები~.

MEDIANEWS


© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon