AEPJ General Assembly - Tbilisi Press კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველო, ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის


დღეს თბილისში გაიხსნა ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) გენერალური ასამბლეა. ამასთან დაკავშირებით, თბილისს AEPJ-სა და კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის 30-მდე წარმომადგენელი და ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი სტუმრობენ.

სხდომის გახსნას დაესწრენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი. სხდომის გახსნას „ისრაელის სახლის“ წარმომადგენელი იამით მოსკოვიჩი უძღვებოდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოში ებრაულ მარშრუტს კოორდინაციას უწევს ორგანიზაცია „ისრაელის სახლი“, რომელიც სამინისტროსა და ისრაელის ქნესეთის მხარდაჭერით, აქტიურადაა ჩართული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ღონისძიებებში, რომლებიც ლუქსემბურგში, მადრიდში და ევროპის სხვა ქალაქებში ტარდება.

როგორც გენერალური ასამბლეის გახსნაზე „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ განაცხადა, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტს „ისრაელის სახლი“ განიხილავს, როგორც საქართველოს სიმდიდრეს და ეფექტიან ინსტრუმენტს ქვეყნის ებრაულ სამყაროსთან კავშირებში. ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი შეიძლება გაფართოვდეს და მან კავკასიის რეგიონი მოიცვას. კერძოდ, ასამბლეას ფარგლებში, იციკ მოშე მიმართავს AEPJ-ის, რომ დაარეგისტრირონ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ორი მარშრუტი: 1. ებრაული მემკვიდრეობის კავკასიური გზა, რომელიც დაიწყება იერუსალიმიდან, საქართველოს გავლით, დასრულდება ქუბაში (აზერბაიჯანი) და მეორე, საქართველო შევიდეს ქაშერი ღვინის მარშრუტში, რომელიც დღეს მოიცავს ესპანეთს, იტალიას და საფრანგეთს.

იციკ მოშემ მადლობა გადაუხადა ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციას (AEPJ) მჭიდრო თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის გეოგრაფია კავკასიაში კიდევ უფრო გაფართოვდება.

სტუმრებს მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი. მისი თქმით, საქართველო ისრაელის მეგობარი ქვეყანაა და ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი ერთ-ერთი ინსტრუმენტია ისრაელთან და მსოფლიო ებრაელობასთან ურთიერთობაში.

თამარ ჩუგოშვილმა, როგორც საქართველოს პარლამენტში ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მადლობა გადაუხადა თავის ისრაელელ კოლეგას, ქნესეთის ვიცე-სპიკერს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ხილიკ ბარს აქტიური თანამშრომლობისთვის. მისივე თქმით, „ისრაელის სახლის“ აქტივობებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში.

დამსწრე საზოგადოებას მიმართა ხილიკ ბარმაც. ქნესეთის ვიცე-სპიკერის თქმით, მისასალმებელია, რომ საქართველო მასპინძლობს ებრაულ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ ფორუმს. ეს კიდევ ერთი დადებითი დამოკიდებულების გამოხატულებაა საქართველოს სახელმწიფოს ებრაული საკითხისადმი. ხილიკ ბარმა ასევე აღნიშნა, რომ წელს ერთგვარად შეჯამდება „ისრაელის სახლის“ პილოტური პროგრამის შედეგები, რომელიც დაკავშირებულია ისრაელ-საქართველოს მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და ისრაელის წარმოდგენასთან.

ქნესეთის ვიცე-სპიკერმა ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ხელმძღვანელობას შესთავაზა გენერალური ასამბლეის გაისად იერუსალიმში ჩატარება.

გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, აგრეთვე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქრისტიან ურსმა და AEPJ-ს ხელმძღვანელმა ფრანსუა მოისმა.

საქართველოს პარლამენტის, ქნესეთის ევროსაბჭოსა და AEPJ-ს წარმომადგენლებმა „ისრაელის სახლს“ მიმდინარე პროექტებში სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.

გენერალური ასამბლეა ხვალ დასრულდება. ხვალვე ასამბლეის მონაწილეებისთვის საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის სახელით ხვალ მიღება გაიმართება.

(source: http://ghn.ge/com/news/view/223273?fbclid=IwAR2VGz9jyvN6JN_WVVcp9O4wThNYW2yOilPpnGIBTGtivRbQ5QdJyMEXt2I


© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon