Georgia-Israel business forum will be held tomorrow in Tbilisi


ხვალ, 30 აპრილს, 13.00 საათზე, თბილისში, „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება. მისი ორგანიზატორია საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა. ღონისძიებას ისრაელიდან 100-მდე ბიზნესმენი და ინვესტორი, აგრეთვე, მოქმედი ქნესეთის ვიცე-სპიკერი და ისრაელის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელი დაესწრებიან.

ბიზნესფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელობა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

ხვალისთვის დაგეგმილი ბიზნესფორუმი რიგით მეოცეა, რომელიც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თაოსნობით იმართება. ისრაელის დელეგაცია სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის თბილისს დღეს ეწვევა. მის შემადგენლობაში არიან ისეთი მსხვილი ბიზნესმენები, რომლებსაც საქართველოსთან შეხება ჯერ არ ჰქონიათ და დაინტერესებული არიან ქვეყნის ბიზნესკლიმატის გაცნობითა და ინვესტირებით.

ფორუმზე გახმაურდება ახალი სტატისტიკური მონაცემები, რომელიც საქართველოში ისრაელური ბიზნესის აქტივობას შეეხება.

დელეგაციაში შედიან HI TECH-ის, სამშენებლო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და კვებითი მრეწველობის წარმომადგენლები.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელის ბიზნესსა და პოტენციურ ინვესტორებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ახლა მნიშვნელოვანია, მათ მოისმინონ ინფორმაცია ბიზნესგარემოს შესახებ და მიიღონ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა.

ბიზნესფორუმს წინ უძღვოდა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თაოსნობით ისრაელის მედიაში საქართველოს საპიარო რამდენიმე ტელესიუჟეტი და სტატია, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოთი ისრაელის საქმიანი წრეების დაინტერესებასა და მათ ჩამოყვანაში.

ისრაელის დელეგაცია პირველ მაისს მონაწილეობას მიიღებს რუსთაველის თეატრში დაგეგმილ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც „ისრაელის სახლისა“ და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით ჩატარდება. (source: https://www.interpressnews.ge/ka/article/544071-xval-tbilisshi-sakartvelo-israelis-biznesporumi-gaimarteba).


© 2016 by Israeli House. Proudly created with PCG

  • White Facebook Icon
  • White YouTube Icon