הענות ראש הממשלה לפניית בית ישראל


პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენს ებრაელი ინვესტორების საკითხის შესწავლა დაავალა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„მინდა გამოვეხმაურო საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს ინიციატივას, საქართველოს მთავრობაში გამოიყოს საკონტაქტო პირი ისრაელის ინვესტორებსა და საჭირო უწყებებს შორის კომუნიკაციისთვის.

მინდა განვაცხადო, რომ ებრაელი ინვესტორების საკითხის შესწავლა უკვე დავავალე ბიზნესომბუდსმენს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშეს ინიციატივით გამოვიდა, რომ საქართველოს მთავრობაში გამოიყოს კონკრეტული პირი ისრაელი ინვესტორებისთვის.

"მსურს გამოვეხმაურო ისრაელელი ინვესტორის - მეირ შავიტისა და მისი კომპანიების გახმაურებულ საქმეს. ჩემს მიზანს არ წარმოადგენს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაში შეჭრა, თუმცა კატეგორიულად ვეწინააღმდეგები კომპანიებში საგამოძიებო სამსახურის რამდენიმეთვიან ყოფნას, რაც ბიზნესზე ზეწოლის განხორციელების მცდელობის ნიშნებს შეიცავს. ამასთან, მიმაჩნია, რომ ბიზნესისადმი და მით უფრო უცხოელი ინვესტორისადმი, ასეთი დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლებისა და პირადად პრემიერ-მინისტრის მიერ ბიზნეს ფორუმებზე არაერთგზის გაცხადებულ პრინციპს, რომ სწორედ ისინი იქნებოდნენ ინვესტორთა დაცვისა და ხელშეწყობის გარანტორი. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ინვესტორს ქვეყნიდან წასვლა ვაიძულოთ და იმედი გვქონდეს, რომ მის ადგილს შემდეგ სხვა ინვესტორები დაიკავებენ, მაშინ როდესაც არამხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც პირადი ინვესტიციების დიდ დეფიციტს განიცდიან.

იმ შემთხვევაში, როდესაც კანონი ორგვარად განმარტების შესაძლებლობას იძლევა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ის ბიზნესის სასიკეთოდ იქნეს გამოყენებული, რადგან ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტერესი ერთია და კმაყოფილი ინვესტორი წარმატებულ ეკონომიკას ნიშნავს. არსებული ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად მიმაჩნია, საქართველოს მთავრობაში კონკრეტული პიროვნების გამოყოფა, რომელიც ისრაელელი ინვესტორებისთვის, მსგავსი პრობლემების შემთხვევაში, იქნება საკონტაქტო პირი, რომელსაც ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე შეეძლება საჭირო უწყებებს ინვესტორების პრობლემები და ინტერესები გააცნოს", - ნათქვამია იციკ მოშეს განცხადებაში.


წყარო: http://www.newposts.ge/?newsid=69592

Events