קואורדינציה והעלאת רמת הקשרים


იციკ მოშე: თუ ვიმუშავებთ კოორდინაციით, შესაძლებელია, ისრაელიდან დაინტერესება 2007 წლის დონეს დაუბრუნდეს

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა იწყებს ფართომასშტაბიან აქციას, სლოგანით: “ისრაელის ინვესტიციები აღმოსავლეთ ევროპაში თბილისიდან დაიწყება”.

ამასთან დაკავშირებით საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატამ უკვე მიმართა ისრაელის ბიზნესორგანიზაციებსა და ეკონომიკურ პრესას. როგორც `მედიანიუსს~ ბიზნეს-პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ განუცხადა, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა შეუთანხმდა ისრაელის წამყვან მედიასაშუალებებს, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ისრაელის ეკონომიკური მედიის წამყვანი ჟურნალისტები საქართველოს ეწვევიან და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს გაეცნობიან, შემდეგ კი მას ისრაელის ბეჭდვითი და ელექტრონული მედია გააშუქებს. `ბიზნეს პალატის, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და თანაინვესტირების ფონდის მონაწილეობით, აუცილებელია, შემუშავდეს ერთობლივი, რეალური საინვესტიციო გეგმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისრაელში დაგეგმილ ვიზიტამდე კი, სასურველია, აღნიშნული საინვესტიციო გეგმის საინფორმაციო მხარდაჭერა, ვინაიდან ჩემი გამოცდილებით, სამთავრობო ორმხრივ კომისიებს არც მოტივაცია აქვთ და არც გავლენის მოხდენა შეუძლიათ ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვის პროცესზე~, _ აცხადებს იციკ მოშე.

ამასთან, იციკ მოშე პარალელს ავლებს 30 წლის წინანდელ ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ ვითარებაზე და აღნიშნავს, რომ სწორედ დიდმა ალიამ _ ძლიერმა ადამიანურმა რესურსმა და 15-მილიარდიანმა უცხოურმა, ძირითადად კი, ამერიკულმა გარანტიებმა და მისმა გონივრულმა გამოყენებამ ისრაელის ეკონომიკურ სასწაული განაპირობა. დღეს საქართველოში, თანაინვესტირების 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ფონდს და მასშტაბურ ბიზნესინიციატივებს, ისრაელის მსგავსად, შეუძლია ეკონომიკურ აღმავლობას ანალოგიური გზა გაუკვალოს.

იციკ მოშეს თქმით, ვინაიდან ისრაელიდან მოსალოდნელია კერძო ინვესტიციები, სასურველია, მათ მიიღონ ინფორმაცია, კონკრეტულად რა ფორმატში და რა მიმართულებით შესაძლებელია თანაინვესტირების ფონდთან თანამშრომლობა.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით ქვეყნების პირველ ათეულშია. მაღალია, აგრეთვე, ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლებიც და ეს კარგი მესიჯია ისრაელის ბიზნესსაზოგადოებისთვის. ახლა კი საჭიროა, მხარეებმა ერთად შეიმუშაონ რეალური გეგმა.

`საქართველოს-ისრაელის ბიზნეს პალატა მზადაა, საქართველოს მოაპოვებინოს ყველა მხარდაჭერა, რათა ისრაელიდან ასეული მილიონდოლარიანი კერძო ინვესტიციის დიდი ნაწილი სწორედ უკვე წელს შემოვიდეს. თუ ვიმუშავებთ კოორდინაციით, ისრაელიდან დაინტერესება დაუბრუნდება 2007 წლის დონეს, როდესაც ისრაელიდან საქართველოში შემოდინებული კერძო ინვესტიციის მოცულობამ კულმინაციას მიაღწია~, _ აცხადებს იციკ მოშე.

თბილისში ვიზიტისას, მედიატურის მონაწილე ისრაელელი ჟურნალისტები შეხვედრას გამართავენ თანაინვესტირების ფონდსა და ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წევრებთან, შემდეგ კი ქართველ კოლეგებს შეხვდებიან, რომელსაც “ისრაელის სახლი” უმასპინძლებს.


წყარო: http://medianews.ge/ge/itsik-moshe-tu-vimushavebt-koordinatsiit-shesadzlebelia-israelidan-daintereseba-2007-tslis-dones-daubrundes/22650

Events