Itsik Moshe addressed participants of the international forum held in Poland


„ისრაელის სახლმა“ მონაწილეობა მიიღო პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც ჰოლოკოსტის წლებში ებრაელი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის წმინდანებად აღიარებულთა ხსოვნას მიეძღვნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ისრაელის მთავრობისა და ქნესეთის წევრები, მსოფლიო ებრაელობის წარმომადგენლები, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი,სენატის ხელმძღვანელი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პოლონეთში მოქმედი ებრაული ორგანიზაცია „მინ ამაამაკიმ“-ის წარმომადგენლები. „ისრაელის სახლს“ მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იციკ მოშე წარმოადგენდა.

ფორუმის მონაწილეთა მოხსენებები ჰოლოკოსტსა და ისრაელთან ურთიერთობეის გაძლიერებას შეეხებოდა. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი დიდი ტრაგედიის გახსენება, როგორიცაა ებრაელთა მასობრივი გენოციდი. ამან კი ქვეყნებსა და ხალხებს უნდა მისცეს ისრაელთან და ებრაელ ხალხთან დაახლოების ახალი შესაძლებლობა, რაც ბევრ ქვეყანაში, მათ შორის პოლონეთში, სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქვეყნებს შორის პირდაპირი კავშირების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ „ისრაელის სახლის“ მიზანია მეგობარ ქვეყანას წარუდგინოს ნამდვილი ისრაელი, რაც ემსახურება ისრაელის მიმართ სოლიდარული პოლიტიკის ჩამოყალიბებას. იციკ მოშეს თქმით, პოლონეთი კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება აქტუალური გახადო ებრაული თემატიკა, რაც თავის მხრივ, მიმართულია ისრაელთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ.

სიტყვის დასასრულს იციკ მოშემ ებრაულ ენაზე წაიკითხა ლოცვა ფსალმუნიდან, რასაც ფორუმის მონაწილეები ფეხზე ამდგარი ისმენდნენ.

„ასეთი ფორუმები კარგი საშუალებაა, რომ არ დავივიწყოთ წარსული და მომავალ ურთიერთობებზეც ვიზრუნოთ. პოლონეთმა ეს შეძლო - აქ უკვდავყოფილია თითოეული გმირული ფაქტი, ფორუმზე მოვიდნენ მთავრობის მეთაური, მინისტრები, პარლამენტის წევრები, რაც კარგი მესიჯია ისრაელისთვის. მსგავს მიზანს ემსახურება „ისრაელის სახლიც“, რომელიც საქართველო-ისრაელის სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში წამყვან როლს ასრულებს“, - აცხადებს იციკ მოშე.

ისრაელის დელეგაციის შეფასებით, პოლონეთის ფორუმი კიდევ ერთი დასტურია, რომ მეგობარ ქვეყნებთან ისრაელის ურთიერთობების გაღრმავებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ვინაიდან ეს მოითხოვს მასშტაბური სამუშაოების ჩატარებას, რაც, ხშირ შემთხვევაში, აღემატება დიპლომატიური წარმომადგენლობების შესაძლებლობებსა და კომპეტენციას.

ფორუმის მონაწილე ისრაელის დელეგაციამ, მსოფლიო ებრაელობის წარმომადგენლებმა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა ტრებლინკაში მოინახულეს ჰოლოკოსტის მიმდინარეობისას 1 წლის განმავლობაში დახოცილი 870,000 ებრაელის მემორიალი, ხოლო ვარშავაში ებრაულ მუზეუმს ეწვივნენ.

წყარო: http://medianews.ge/ge/itsik-moshem-polonetshi-chatarebuli-saertashoriso-forumis-monatsileebs-sitkvit-mimarta/36287


Events
Recent Posts