Forum "Hasbara" and the opening of the Israeli/Jewish Library were held by "Israeli House"


„ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ებრაული ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიალი, აინთო ხანუქას სანთელი და ქართველი სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა ფორუმი.

სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობითა და „ისრაელის სახლის“ მოწვევით, ისრაელიდან ჩამოვიდნენ ქნესეთის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები იციკ შმული და აკრამ ხასონი, ისრაელის პრესის წარმომადგენლები, ანალიტიკოსები.

ფორუმს ესწრებოდა 300-მდე ადამიანი, მათ შორის ქართული უნივერსიტეტებიდან 150-მდე სტუდენტი და აკადემიური პერსონალი.

ღონისძიებას „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე უძღვებოდა. შესავალ სიტყვაში იციკ მოშემ ხანუქას სიმბოლურ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სინათლის სიბნელეზე გამარჯვების ფენომენი აქტუალურია დღესაც. „ისრაელ-საქართველოს ბოლო, 25 წლიანი ურთიერთობა ჯერ მხოლოდ ჩანასახს წარმოადგენდა, რომლის განვითარებაც ისეთი ტემპით ვერ ხდებოდა, როგორც ეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებულ პოტენციალს შეესაბამება. და ეს მნიშვნელოვანწილად იმითაც იყო განპირობებული, რომ მხარეები ერთმანეთს ან შუამავლების საშუალებით ელაპარაკებოდნენ, ანდა არ იცნობდნენ ერთმანეთის რეალობას. „ისრაელის სახლმა“ შეძლო ნამდვილი ისრაელის გაცნობა საქართველოსთვის და პირიქით, რამაც მოიტანა მაღალი დონის რამდენიმე წარმატებული ვიზიტი“, - განაცხადა იციკ მოშემ და დასძინა, რომ ოქტომბერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ისრაელში ვიზიტი ნათქვამის კარგი მაგალითია. ირაკლი კობახიძის ვიზიტისას, ფაქტობრივად, გაიწერა მომავალი წლის გეგმა საქართველო-ისრაელის ურთიერთობაში - შედგება რამდენიმე ვიზიტი ისრაელიდან, მათ შორის, თბილისს პირველად ეწვევა იერუსალიმის მერი, ხელი მოეწერება საქართველო-ისრაელის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალურ გეგმას, პირველად კოლეგები ისაუბრებენ პირდაპირი არხებით, შუამავლების გარეშე.

იციკ მოშემ მიმართა ქართველ ახალგაზრდობას და განაცხადა, რომ სწორედ მათ ეკუთვნით მომავალი ურთიერთობის ჩამოყალიბების უფლება ისრაელთან და ეს უნდა იყოს აგებული, პირველ რიგში, ერთმანეთის უკეთ გაცნობაზე. „ჩვენ არ გვაქვს შეცდომების დაშვების ფუფუნება. თქვენ ახლა ნახავთ დოკუმენტურ ფილმს, თუ როგორ იწყებოდა ებრაელთა დაბრუნება სამშობლოში. ეს იყო ისრაელის მთავარი მესიჯი თავისი შვილებისადმი. იმდენად მსგავსია საქართველოს და ისრაელის ისტორია, რომ თუ სიტყვა „ისრაელს“ შევცვლით „საქართველოთი“, მივიღებთ ერთი და იმავე სურათს“, - განაცხადა იციკ მოშემ.

მანვე ისაუბრა ქართველი და ისრაელელი ახალგაზრდების ურთიერთობებზე, ქართული უნივერსიტეტების თანამშრომლობაზე ისრაელის შესაბამის სასწავლებლებთან და ხაზი გაუსვა იმ სიახლეს, რომელიც ორ ქართულ უმაღლეს სასწავლებელში, კერძოდ საქართველოს უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტში ჰოლოკოსტის სწავლებას შეეხება.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, აგრეთვე, ქნესეთის წევრებმა იციკ შმულიმ და აკრამ ხასონმა.

იციკ შმულის განცხადებით, „ისრაელის სახლი“ ნამდვილ ხიდად იქცა ისრაელ საქართველოს ურთიერთობაში და დღევანდელი ღონისძიებაც ამისი კიდევ ერთი დასტურია. ის საქართველოში უკვე მეორედ იმყოფება და მისთვის ამჯერად განსაკუთრებით სასიამოვნოა ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრა.

აკრამ ხასონის თქმით, ისრაელი დღეს ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ძლიერი და ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანაა. მისი საგარეო პოლიტიკა მშვიდობიანია და ორიენტირებულია თანამშრომლობასა და განვითარებაზე. ისრაელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან კავშირსაც. ამ ურთიერთობის გაღრმავების საქმეში კი განსაკუთრებით დიდია „ისრაელის სახლის“ და მისი ხელმძღვანელის იციკ მოშეს როლი.

ღონისძიების მიმდინარეობისას, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა, ქნესეთის წევრებმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და სარას ფონდის ხელმძღვანელმა რეუვენ ბენ შემეშმა საზეიმოდ გახსნეს ებრაული ბიბლიოთეკა და დაფა, რომელიც მოგვითხრობს სარას ფონდის ღვაწლზე ამ ბიბლიოთეკის შექმნაში. ბიბლიოთეკას „ისრაელის სახლმა“ და სარას ფონდმა გადასცეს კომპიუტერი და ისრაელში, აშშ-სა და ევროპაში გამოცემული 700-მდე წიგნი ებრაულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

ბიბლიოთეკის გახსნის შემდეგ, ქნესეთის წევრებმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა და სარას ფონდის ხელძღვანელმა ხანუქას სანთელი აანთეს. ამის შემდეგ ისრაელელმა პარლამენტარებმა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა ქართველი სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს. შეკითხვები ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებს, „ისრაელის სახლის“ საქმიანობას, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხს, ისრაელის სამეზობლო პოლიტიკას შეეხებოდა.

ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ისრაელის სახლის საქმიანობაზე. ღონისძიებაზე ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს ებრაული სიმღერები, ისრაელისა და საქართველოს ჰიმნები.

როგორც ღონისძიების დასასრულს იციკ მოშემ აღნიშნა, გაისად „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით და ისრაელის წარმომადგენლობითი დელეგაციის მონაწილეობით, თბილისში აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობიდან 100, ხოლო ისრაელის დამოუკიდებლობის 70 წლისთავი.

წყარო: http://medianews.ge/ge/israelis-sakhlis-organizebit-forumi-da-ebrauli-bibliotekis-gakhsnis-tseremoniali-gaimarta/37291

#AEPJ

Events