Holocaust - Events Organized by "Israeli House"

"ისრაელის სახლმა" ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს რამდენიმე ღონისძიება მიუძღვნა

27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, "ისრაელის სახლის" თაოსნობით, რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.

პირველი ღონისძიება თბილისში, "ისრაელის სახლში" ჩატარდა, რომელიც ისრაელიდან ჩართვით გახსნა ქნესეთის წევრმა, აბსორბციისა და დიასპორის კომიტეტის ხელმძღვანელმა დავიდ ბიტანმა.

ხსოვნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აკადემიური პერსონალი და სტუდენტები საქართველოს ოთხი უნივერსიტეტიდან, ებრაული თემის წევრები, უფლებადამცველები, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) გამგეობის წევრი მაკო ღავთაძე, საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმიდან გენერალური მენეჯერი გიორგი ჯიჯიაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა "ისრაელის სახლის" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა იციკ მოშემ.

მისი თქმით, ჰოლოკოსტის მსხვერპლი 6 მილიონი ებრაელი არ არის მხოლოდ სტატისტიკა, თითოეული ებრაელისთვის ესაა 6 მლნ ანდერძი, ხსოვნა და ფიქრი მომავალზე.

"ისრაელის სახელმწიფოს აღდგენიდან სულ რამდენიმე ათწლეულში ავაშენეთ წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში. ჩვენ სანთლით ვეძებთ მათ, ვინც ხელი გამოგვიწოდა დევნილობისა და დიდი კატასტროფის - ჰოლოკოსტის წლებში. მათ ჩვენც ვუწვდით ხელს მეგობრობისა და ორმხრივი თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა იციკ მოშემ.



მან ისაუბრა სერგი მეტრეველზე, რომელიც ისრაელის მიერ აღიარებულია "მართალად" და იერუსალიმის მემორიალურ მუზეუმში - იად ვაშემში უკვდავყოფილია მისი სახელი.

"ისრაელის სახლის" საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მეტი ცოდნის მიცემა ახალი თაობისთვის. ამ მიზნით, ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოს ოთხ უნივერსიტეტში ისწავლება ჰოლოკოსტის ისტორია, გავხსენით ისრაელის კაბინეტები, ტარდება სტუდენტური ნაშრომების კონკურსები. გამარჯვებული სტუდენტები მიგვყავს ისრაელში, ჰოლოკოსტის მუზეუმში. მხოლოდ ცოდნით და ერთმანეთის უკეთესად გაცნობით შევძლებთ ჩვენ ქვეყნებს შორის მომავალი კავშირების აშენება", - განაცხადა იციკ მოშემ და დასძინა, ქართულ-ებრაული ურთიერთობები ის კაპიტალია, რომელიც უნდა ემსახუროს მომავლის კონკრეტულ გეგმებს და შენებას და არა წარსულზე ლაპარაკს.

"ისრაელის სახლის" თაოსნობით, ქნესეთმა და იად ვაშემმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმი ქართველ შინდლერზე, სერგი მეტრეველზე. 2020 წელს, "ისრაელის სახლმა", ონის მერიასთან და ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპულ ასოციაციასთან (AEPJ) თანამშრომლობით, ონში გახსნა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისა და სერგი მეტრეველის მემორიალი.

ღონისძიებას ონიდან სიტყვით მიმართა ონის უნიციპალიტეტის, დავიდ ჩიკვაიძემ, რომელსაც ებრაელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად გულზე ეკეთა დავიდის ვარსკვლავი. მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ მომავალში ონმა უმასპინძლოს ჰოლოკოსტის ხსოვნის ღონისძიებას.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა, მალხაზ სონღულაშვილი ისაუბრა ანტისემიტიზმისა და იუდოფობიის ისტორიაზე.

მისი თქმით, ასეთი სენი სათავეს იღებს მაშინ, როდესაც იწყება განსხვავებულის მიუღებლობა. მან გაიხსენა ბიბლიური ესთერის შესახებ თქმულება, რომლის მიხედვით, სპარსეთში ებრაელები მხოლოდ იმიტომ ამოხოცეს, რომ ისინი იყვნენ სხვები, არა სპარსელები, განსხვავებულები.

"ჰოლოკოსტის წარსულია და მისი შეცვლა არ შეგვიძლია. მასზე ფიქრითა და ანალიზით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მომავალი", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

შემწყნარებლობაზე და ანტისემიტურ გამოვლინებების მხილების აუცილებლობაზე ისაუბრა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) გამგეობის წევრმა მაკო ღავთაძემ. ის ერთ-ერთი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინათ მაღალი რანგის სასულიერო პირების ანტისემიტურ ქადაგებებს გამოეხმაურა და ანტისემიტური გამოსვლების შეწყვეტა მოითხოვა.

ხსოვნის საღამო გაგრძელდა საქართველოში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ამჟამად თბილისშია ბაზირებული. უნივერსიტეტში "ისრაელის სახლი" აპირებს ისრაელის სახელობის საკონფერენციო დარბაზის მოწყობას. დაიწყება, აგრეთვე, ჰოლოკოსტის ისტორიის სწავლებაც. ღონისძიებაში ისრაელიდან ჩაერთო ქნესეთის ყოფილი ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი. მან "ისრაელის სახლს" უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. ზურაბ ხონელიძეს მადლობა გადაუხადა ასეთი ღონისძიებისთვის.

სიტყვით გამოსვლისას უნივერსიტეტის რექტორმა ისაუბრა ჰოლოკოსტის გახსენების აუცილებლობაზე და დასძინა, რომ ებრაელი ხალხის განვლილი გზა მსოფლიოსთვის სამაგალითოა და ცივილიზებულმა საზოგადოებამ არასოდეს უნდა დაუშვას ჰოლოკოსტი, რომელიც იყო გენოციდი.

ღონისძიებაზე ზუმით ჩაერთო საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი გია მიქელაძე, რომელმაც სოლიდარობა გამოხატა ებრაელი ხალხის მიმართ.

ორივე ღონისძიებაზე ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა ქრისტი ჯაფარიძემ ებრაულად შეასრულა ისრაელის ჰიმნი, "ოქროს იერუსალიმი" და "ელი ელი".

გუშინვე "ისრაელის სახლის" ხელმძღვანელმა იციკ მოშემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც შოას მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა.

ისრაელის სახლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები სანთლების დანთებით დასრულდა.

საღამოს ისრაელის სახლის ხელმძღვანელობა თბილისის სინაგოგაში ხსოვნის შეკრებას დაესწრო და ჰოლოკოსტზე და ებრაულ იდენტობაზე ისაუბრა.

"ისრაელის სახლი" საქართველოში 2013 წელს შექმნა იციკ მოშემ, საბჭოთა კავშირში სოხნუთის პირველი წარმომადგენლობის ყოფილმა ხელმძღვანელმა. ორგანიზაცია სახალხო დიპლომატიის გზით მუშაობს ჰასბარასა (ისრაელის წარმოდგენა მის ფარგლებს გარეთ) და სახელმწიფოთა შორის ორმხრივი რეალური კავშირების ჩამოყალიბებაზე, მჭიდროდ თანამშრომლობს ქნესეთთან, საერთაშორისო სიონისტურ ორგანიზაციებთან, ევროსაბჭოშთან და ორგანიზაციასთან "ევროპული ალიანსი ისრაელისთვის" (EAI), რომელშიც 100-მდე ევროპელი პარლამენტარია ფაერთიანებული.

ღონისძიებები კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდა.


Source: https://www.ghn.ge/news/257568-israelis-sakhlma-holokostis-mskhverplta-khsovnis-dghes-ramdenime-ghonisdzieba-miudzghvna?fbclid=IwAR3DVNLw7DaA6Yqz9HEuAqhhLgZP-wTcKS45Jj0dl0OC5oVaP4aobvNfrLo

Events
Recent Posts