Itsik Moshe: We have to be not only correct but also smart with foreign investors

იციკ მოშე: უცხოელ ინვესტორთან საჭიროა ვიყოთ ჭკვიანები და არა მხოლოდ მართლები

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე აცხადებს, რომ პოსტკორონას პერიოდში კაპიტალდაბანდებების მასშტაბი პირდაპირ იქნება დამოკიდებული, რამდენად დაცულია ამა თუ იმ სახელმწიფოში ბიზნესი.

იციკ მოშემ, რომლის თაოსნობითაც საქართველოში შემოსულია 500 მლნ. დოლარის ინვესტიცია და ჩატარებულია 20 ბიზნესფორუმი თბილისსა და იერუსალიმში, დღეს საქართველოში მოქმედ ისრაელის კომპანიებს მიმართა და პრობლემების შემთხვევაში, მხარდაჭერა აღუთქვა.

ამ მიმართვას ჰქონდა წინაპირობა: ისრაელის ბიზნესპალატას დახმარებას სთხოვს არაერთი ისრაელელი, რომლებსაც ბიზნესში არც თუ იშვიათად ექმნებათ დაბრკოლებები. ერთ-ერთი ასეთი ბოლო შემთხვევა ბათუმში ახალგაზრდა ისრაელელ ბიზნესმენს შლომი ელჰარარს ეხება, რომელმაც იციკ მოშეს წერილობით აცნობა მისთვის ხელოვნურად შექმნილი პრობლემის შესახებ. როგორც შლომი ელჰარარი წერს, ის მოულოდნელად უსამართლოდ მარტო და დაუცველი აღმოჩნდა სრულიად უცხო გარემოში, სადაც მას ბიზნესის გამო ემუქრებიან. მისივე თქმით, გამოსავლის ძიებაში ყველამ კარი ჩაუკეტა და ერთადერთი მისამართი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა აღმოჩნდა. ბიზნესპალატამ საქმესთან დაკავშირებით, საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, მაშინვე მიმართა საზოგადოებრივი მართვის ცენტრის 112-ის დირექტორს გიორგი არსოშვილს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს კონსტანტინე ანანიაშვილს, რასაც ოპერატიულად მოჰყვა რეაგირება. პრობლემა ახლა გადაჭრის ფაზაშია.

იციკ მოშე მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმებით შესაძლებელია ბარიერების გადალახვა, მითუმეტეს, როცა ქვეყანაში არსებობს ბიზნესის მხარდაჭერის ნება. და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა პანდემიის შემდგომ მსოფლიო ბაზარზე ყველა ეკონომიკურ მოთამაშეს, სავარაუდოდ, ხელახლა მოუწევს არჩევანის გაკეთება, სად დააბანდოს, რომელი ქვეყნისკენ მიმართოს ფინანსური რესურსი. დღეს ინვესტიციაზე ზრუნვის დემონსტრირებით საქართველოს აქვს დიდი შანსი, კვლავ იყოს მიმზიდველი და ყურადღების ცენტრში.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია გამოწვევებისა და პოტენციალის შესაბამისად, პრიორიტეტების შერჩევა. ბოლო 20 წელია ბიზნესპალატა აქტიურად მუშაობს საქართველოში ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან ტურისტული ნაკადის ზრდაზე. ორგანიზაციის თაოსნობით, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ეგიდითა და ისრაელის ტურიზმის სამინისტროსთან კოორდინაციით, ჯერ კიდევ 2002 წელს ისრაელში ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს ტურიზმის. განვლილმა დრომ აჩვენა, რომ ბიზნესპალატის მიერ წლების წინ პრიორიტეტად დასახული და მხარდაჭერილი სფერო დღეს ყველაზე წარმატებულია და ქვეყნისთვის დიდი შემოსავლის წყაროა. 2019 წლის მონაცემით, ისრაელიდან საქართველოში ტურისტთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა და არის პოტენციალი, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. იციკ მოშე ამ წარმატებაში უმნიშვნელოვანეს ფაქტორად სახელმწიფოს პოლიტიკასა და ერთობლივ ნაბიჯებს მიიჩნევს.

იციკ მოშეს აზრით, პოსტკორონას პერიოდში მეტი მოთხოვნები გაჩნდება ტურიზმის სერვისის სფეროში. გაიზრდება აგრეთვე, მოთხოვნა მაღალი დონის სასტუმროებზე, სადაც მაღალბიუჯეტიანი ტურისტებისთვის განსხვავებული მომსახურების მიწოდება გახდება საჭირო. საქართველომ უნდა გამოიყენოს კორონავირუსის გავრცელების დაბალი დონე და მასთან ბრძოლის წარმატება, რაც მის იმიჯზე აისახება. პანდემიის პირობებში საქართველოს მიერ გადადგმულ მოქნილ ნაბიჯებზე ცოტა ხნის წინ ისრაელის პრესაც წერდა. ახლა იმ სეგმენტზე მუშაობის დროა, რომელსაც საქართველო, როგორც დიდი კულტურის ქვეყანა, ჯერ არ აღმოუჩენია. ამას ჭირდება PR და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა მზადაა, ჩაერთოს ამ პროცესშიც.

რაც შეეხება ისრაელიდან შემოსულ ინვესტიციებს, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მის განვითარებას კიდევ 1 მლრდ ჭირდება. ეს თანხა და პლუს ახალი ბიზნესი შემოვა მაშინ, როდესაც დღეს გარკვეული მიზეზების გამო შექმნილი პრობლემები სწრაფად მოგვარდება და სახეზე გვექნება წარმატებული მაგალითები.

„პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიჭრას. წარმოიდგენეთ, რომ ხართ სხვა ქვეყანაში და გელაპარაკებიან მხოლოდ კანონის ნიუანსებით. რა თქმა უნდა, უცხოელმაც ზედმიწევნით უნდა დაიცვას კანონები, მაგრამ უცხოელ ინვესტორთან საჭიროა ვიყოთ ჭკვიანები და არა მხოლოდ მართლები. პრობლემების 90 პროცენტი ნორმალური მოვლენაა, საჭიროა ყურადღება და სწრაფი რეაგირება, 1 ზარი ან ერთი ვიზიტი ადგილზე“, - აცხადებს იციკ მოშე და მაგალითად მოყავს ბათუმში ისრაელელი ინვესტორის, შლომი ელჰარარის შემთხვევა, რომელიც, იციკ მოშეს თქმით, დროულად გადაჭრის შემთხვევაში გახდება მაგალითი და ბიძგის მიმცემი ახალი ინვესტორებისთვის. მოვლენების სხვანაირად განვითარება კი ქვეყნის იმიჯზე სერიოზული დარტყმა იქნება, ეკონომიკა კი დაკარგავს დიდ თანხებს..

ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახლა დროა, ორეროვანი ბიზნეს/სავაჭრო პალატებმა და მთავრობამ ერთობლივად იმუშაონ და ამ უაღრესად რთულ ვითარებაში სწრაფი რეაგირება მოახდინონ ინვესტორთა პრობლემებზე, ვინაიდან სწორედ ესაა ქვეყნებს შორის კავშირების მთავარი ხიდი.


Source: https://ghn.ge/news/243402-itsik-moshe-utskhoel-investortan-sachiroa-viqot-chkvianebi-da-ara-mkholod-martlebi?fbclid=IwAR3dyhvlasQY8kE5S_U0pLdWurWgzEPhcRRxu1q_7iuWY05uQbkrxv0wDGk

Events