Minister of labor of Israel participated in a planting action in Tbilisi



ისრაელელმა მინისტრმა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა ვარკეთილში გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს


საქართველოში სტუმრად მყოფმა ისრაელის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა იციკ შმულიმ თბილისში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. ისრაელელი მინისტრი თბილისს „ისრაელის სახლის“ მოწვევით სტუმრობდა. გამწვანების აქციაში მასთან ერთად მონაწილეობა მიიღო „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ. მათ რაიონის მაჟორიტართან ერთად ელდარის ფიჭვები დარგეს.


ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში გამწვანება რაიონის მაჟორიტარის, თბილისის საკრებულოს წევრის რევაზ სოხაძის ინიციატივით მიმდინარეობს. „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები ორივე მხარის ინტერესია და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მთავრობა იქნება ისრაელში. ეს არის ხალხების ურთიერთობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს იციკ შმულიმ.


მისივე თქმით, ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობებში დიდი პოტენციალია.

„უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება უფრო მეტი გავაკეთოთ ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებისთვის. ორივე მხარეს შეუძლია ერთმანეთისგან ბევრი რამ ისწავლოს. ისრაელს შეუძლია მხარი დაუჭიროს და ბევრი გააკეთოს საქართველოსთვის.“ - ამბობს იციკ შმული. მინისტრის თქმით, ცოტა ხნის წინათ მას ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ჯანდაცვის სფეროს საკითხებზე, სადაც აღნიშნა, რომ დასახავენ საქართველოსთან თანამშრომლობის გზებს.


„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს. თქვენ ხართ ჩვენს გულებში“, - განაცხადა იციკ შმულიმ.


ისრაელელმა მინისტრმა ისაუბრა, აგრეთვე, ამ დღეებში იერუსალიმში წიგნის „სიონიზმი დინების წინააღმდეგ“ პრეზენტაციის შესახებაც. წიგნი „ისრაელის სახლის“ თაოსნობით გამოიცა და დიდ საბჭოთა ალიას, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს კავშირებსა და ისრაელის საინფორმაციო მხარდაჭერას ეხება.


„წიგნის პრეზენტაციაზე აღვნიშნე, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ისრაელის ისტორიაში. ამ პრეზენტაციით ვუთხარით მომავალ თაობებს, რომ ადამიანს თუ აქვს ოცნება, თუ იმუშავებს, შეუძლია მიაღწიოს და შეცვალოს ისტორია. ამ წიგნში ასევე არის ძალიან დიდი ხაზგასმა საქართველოს მნიშვნელობაზე, მსოფლიო ებრაელობის და საქართველოს კავშირებზე,“ - აღნიშნა იციკ შმულიმ.


„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, „ისრაელის სახლი“ და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა უკვე მეოთხედ მონაწილეობენ ვარკეთილის გამწვანების აქციაში. სასურველია, ასეთ ღონისძიებებში ჩაერთონ მესამე სექტორი, საელჩოები და წარმომადგენლობები. ამ აქციებით ისინი ხდებიან უფრო მეტად ჩართული ქვეყნის განვითარების პროცესში, რაც ასევე მნიშვნელოვანია.


რაიონის მაჟორიტარმა რევაზ სოხაძემ „ისრაელის სახლს“ მხარდაჭერისთვის და ისრაელელ მინისტრს გამწვანების აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.


„ბატონი იციკი და მისი ორგანიზაცია აქტიურად გვეხმარებიან არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ თბილისს და საქართველოს, რაც მართლაც სამაგალითოა . შეიძლება ბევრი ქართველიც არ უდგას საქართველოს მხარში ისე, როგორც ბატონი იციკი და საერთოდ ებრაელი ხალხი და ისრაელი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.


Source: http://medianews.ge/ge/israelelma-ministrma-da-israelis-sakhlis-khelmdzghvanelma-varketilshi-gamtsvanebis-aqtsiashi-monatsileoba-miighes/80127?fbclid=IwAR0ldjVTyVqVSe1k_a4WhW-kU5kT74taoRGK9P5TegGW75FyfHctVDspEns

Events