Opening of The Holocaust Monument is an Important Message for Israel & Jews Worldwide



„ისრაელის სახლისა“ და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ონში გაიხსნა ქართველი შინდლერის, იერუსალიმის მსოფლიო ჰოლოკოსტის ცენტრის მიერ მართალად აღიარებული სერგი მეტრეველისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი. იგი განთავსდა ქალაქის ცენტრში, ბულვარში, კულტურის სახლი ეზოში.


ღონისძიება ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ებრაული კულტურის ევროპული დღეების ფარგლებში და მას მხარს უჭერდა ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვის ასოციაცია AEPJ.

მონუმენტის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები, ისრაელელი სტუმრები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ, განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ელენე გედენიძემ, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ჩიკვაიძის თქმით, პირველად აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ონში, ქართულ-ებრაულ ქალაქში გაიხსნა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა და ქართველ შინდლერად წოდებულის, სერგი მეტრეველის მემორიალი ერთობლივ კომპლექსში.

„სერგი მეტრეველი არის ერთადერთი ქართველი, რომლის სახელიც არის ოქროს ასოებით ამოტვიფრული მსოფლიო ჰოლოკოსტის მუზეუმის კედელზე და ის აღიარებულია, როგორც მართალი წმინდანთა შორის. დღეს ხარობს სული ყოველი ებრაელისა, ვისაც ამ მიწაზე გაუვლია; ხარობს სული ყოველი ქართველის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თანაცხოვრობდა ებრაელებთან ერთად. მათ მთელ მსოფლიოს მისცეს მაგალითი, როგორ უნდა იყოს მეგობრობა ქართველისა და ებრაელის. მინდა, კვლავ დაბრუნდეს ებრაული სული აქ და კვლავ ისმოდეს სინაგოგაში შოფარის ხმა“, - განაცხადა დავით ჩიკვაიძემ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ. მისი თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცის იმ ნაწილში, სადაც არ ყოფილა ჰოლოკოსტი, ონი გახდა ის ქალაქი, სადაც გაიხსნა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი. ამ მოვლენას უკვე აქვს დიდი გამოხმაურება ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობაში. „ისრაელის სახლი“ მუშაობს ქვეყნებს შორის კავშირების შექმნაზე და ქართველი შინდლერის სახელის უკვდავყოფა, ამ მონუმენტის და საერთოდ, ონის ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტში ჩართვა კიდევ ერთი ძლიერი ხიდია საქართველოს, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობას შორის.

„1991 წელს რაჭაში მიწისძვრის დროს ისრაელი პირველი ქვეყანა იყო, რომლის თვითმფრინავიც დაფრინდა თბილისში და დახმარება ჩამოვიტანეთ ონისთვის. ონი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან აქ დაიბადა ადამიანი, რომელმაც განსაკუთრებით შემაყვარა ჩემი სამშობლო - ისრაელი და მომცა ბიძგი, მეზრუნა ისრაელ-საქართველოს კავშირებზე. ეს იყო დოქტორი დავიდ შიმშილაშვილი“, - განაცხადა იციკ მოშემ და დასძინა, თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდება ონში დაბადებული მოქალაქე, ისრაელში ვიზიტისას ის ყოველთვის სიამაყით იტყვის, რომ იმ ქალაქში გაიზარდა, სადაც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისა და ქართველი შინდლერის მონუმენტია აღმართული. ეს იქნება ყველაზე დიდი გზავნილი ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობისთვის.

იციკ მოშემ მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ევროსაბჭოს წარმომადგენლობას, ონის მუნიციპალიტეტის მერიას მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

მონუმენტის გახსნის ცერემონიაზე პირდაპირი ჩართვით ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა ქნესეთის იმიგრაციის, აბსორბციისა და დისპორის კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ ბიტანი. მისი თქმით, „ისრაელის სახლი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისრაელ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისა და ქართველი შინდლერის სერგი მეტრეველის მონუმენტის გახსნა კი კიდევ ერთი მაგალითია ისრაელისა და ებრაელობისადმი ქართველი ხალხის სოლიდარობის. დავიდ ბიტანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა ისრაელის სახლის მიერ საქართველოს უნივერსიტეტებში ისრაელის კაბინეტების გახსნას. აღსანიშნავია, რომ დავიდ ბიტანმა საქართველოს უნივერსიტეტებში პირადად მიიღო მონაწილეობა ისრაელის სახლის ხელშეწყობით ჰოლოკოსტის ისტორიის სწავლების კურსის დაწყებაში.

აღსანიშნავია, რომ ქნესეთის მრავალპარტიული დელეგაცია ისრაელის სახლის თითქმის ყველა ღონისძიებაში მონაწილეობს.

მონუმენტის გახსნის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებმა გადაინაცვლეს ონის სონაგოგაში, რომელსაც წელს 125 წელი შეუსრულდა. ის საქართველოში სიდიდით მესამეა სინაგოგაა და ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლადაა აღიარებული. არქიტექტურულადა იგი უნიკალური ნაგებობაა სამხრეთ კავკასიაში. აღინიშნა, რომ ახლად გახსნილი ჰოლოკოსტის მონუმენტი, ონის სინაგოგასთან ერთად, ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის შემადგენელი ნაწილი გახდება. ეს იქნება, აგრეთვე, ახალი ტურისტული ატრაქცია რეგიონში, რომელიც მიიზიდავს უცხოელ ტურისტებს, მათ შორის ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან.

იციკ მოშემ დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ „ისრაელის სახლმა“, რომელიც საქართველოში ევროსაბჭოს მიერ შექმნილი ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის ოფიციალური წარმდგენია, შექმნა ებრაული მემკვიდრეობის ონი-ლაილაშის მარშრუტი. მომავალში დაგეგმილია სოფელ უწერაში სერგი მეტრეველის საცხოვრებელი სახლზე აბრის გაკეთება, სადაც ჰოლოკოსტს გადარჩენილი ორი ებრაელი თავს აფარებდა.

დღის ბოლოს ონის კულტურის სახლში, ებრაული კულტურის ევროპული დღეების ფარგლებში, გაიხსნა „ისრაელის სახლის“ მიერ საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტოგამოფენა. ქრისტი ჯაფარიძემ და ადგილობრივმა ფოლკლორულმა ჯგუფმა რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.

ონში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისა და ქართველი შინდლერის მონუმენტის გახსნას, და საერთოდ, ისრაელის სახლის პროისრაელურ საქმიანობას სტატიით გამოეხმაურა ისრაელის ინგლისურენოვანი გავლენიანი გამოცემა Jerusalem Post-ი. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს „ისრაელის სახლის“ მთავარ მიმართულებაზე - ჰასბარაზე და ორგანიზაციის საქმიანობის მოდელს უნიკალურს უწოდებს.


Source: https://ghn.ge/news/250202-holokostis-monumentis-gakhsna-qvelaze-mnishvnelovani-israelisa-da-msoflio-ebraelobistvis-itsik-moshe?fbclid=IwAR22gWL1a_KlB_NNcfFuCRf8LldduRQTAcHeov6gvnarK7cZcpiW4yar0gM

Events