Success of The Badagoni Kosher Wine



ისრაელის ბიზნესპალატის მხარდაჭერილმა ქაშერულმა ღვინომ გერმანიაში ოქროს მედალი მოიპოვა

გერმანიაში ჩატარებულ ღვინის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე- MUNDUS VINI ქართული კომპანია „ბადაგონის“ მიერ წარმოებულმა ქაშერულმა ღვინომ „საფერავი ქაშერი“ (წითელი მშრალი) ოქროს მედალი მოიპოვა. კომპანიამ, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მხარდაჭერით, მაღალხარისხიანი, საერთაშორისო ქაშერული ნიშნით „OK” ღვინის ჩამოსხმა 2018 წელს დაიწყო. „საფერავი ქაშერზე“ დიდი მოთხოვნაა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ევროსაბჭოში, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) შეხვედრაზე, „ისრაელის სახლი“ წარადგენს ქაშერული ღვინის მარშრუტის პროექტს, რომელიც მოიცავს პორტუგალიას, ესპანეთს, იტალიას, საფრანგეთსა და საქართველოს.

საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტს „ისრაელის სახლი“ საქართველოს კულტურის სამინისტროს წარდგინებით კურირებს.

ღვინის საერთაშორისო კონკურსზე „ბადაგონის“ კიდევ ხუთმა ღვინომ მოიპოვა ოქროს მედალი. ეს ღვინოებია: „ალავერდის ტრადიციები“ ქვევრის, „ალავერდის ტრადიციები“ წითელი მშრალი, „კახური წარჩინებული“ წითელი მშრალი, „კახური წარჩინებული“ თეთრი მშრალი; ღვინოს – „საფერავი რეზერვი 2010“ უმაღლესი ოქრო და კონკურსის საუკეთესო ღვინის ტიტული მიენიჭა. თავად კომპანია ბადაგონს კი საუკეთესო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის სტატუსი მიენიჭა.

ოქროს მედალოსანი „საფერავი ქაშერი“ მალე ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი .

MUNDUS VINI მსოფლიოში წამყვანი ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც წელს ოცდამეექვსეჯერ ჩატარდა. მასში ტრადიციულად მსოფლიოში ღვინისმწარმოებელი რეგიონების წამყვანი კომპანიები მონაწილეობენ. წელს კონკურსში 54 ქვეყანაში წარმოებული ღვინოები იყო წარდგენილი. წარმოდგენილი ღვინის სახეობები 268 ღვინის ცნობილმა ექსპერტმა შეაფასა.


Source: http://medianews.ge/ge/israelis-biznespalatis-mkhardacherilma-qasherulma-ghvinom-germaniashi-oqros-medali-moipova/66587?fbclid=IwAR1AFi8MAMegvcYnQYjWzgrS5sVM0zDqYy38kqt50gLHqFEB038yNoMreLg

Events